saqarTvelos dablobebi - eldaris dablobi
ქვეყანა | საქართველო, აზერბაიჯანი |
კოორდინატები | 41°07`13` ჩ. გ. 46°22`26` ა. გ. |
სიმაღლე | 100-200 მ |
სიგრძე | 25 კმ |
სიგანე | 6-7 კმ |
ჰიდროგრაფია | იორი |
სინონიმი: ელდარის ველი.
აკუმულაციური ვაკე-დაბლობი მდინარე ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე (საქართველოს, აზერბაიჯანი). აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიური ნალექებით. შეადგენს მტკვარ-არაქსის აკუმულაციური დაბლობი ვაკის ნაწილს. საქართველოს ფარგლებში მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ ვრცელდება 25 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 6-7 კმ. თითქმის ჰორიზონტალურ სიბრტყეს წარმოადგენს, რომლის აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 100-200 მ ფარგლებში ცვალებადობს. ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლიური ჯამი 250-300 მმ, ამის შესაბამისად მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია - 1-2 ლ/წმ².
ჩვენი ქვეყნის გამორჩეული უდაბური და გვალვიანი კუთხეა. რუხ და ღია მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რომლის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. ელდარის დაბლობზე წარმოდგენილია ნესტიანობის მკვეთრად გამოყოფილი უარყოფითი ბალანსი (განესტიანების ხარისხი უდრის 0,2-0,3). ვაკისა და მასზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მობჯენილი გაშიშვლებული კალთების (ივრის ზეგნის კიდის) ჰავის სიმშრალის გამო რაიონი სრულიად მოკლებულია ჰიდროგრაფიულ ქსელს. აქ მოედინებიან ხოლმე დროებითი ნაკადები, თუმცა ელდარის დაბლობის გადაკვეთას ვერ ახერხებენ და ნიადაგში იჟონებიან. ელდარის დაბლობის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი სავსებით გატიტვლებულია და გვალვისაგან დამსკდარი. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია „ბუღამოედნის“ სახელწოდებით. ცხვრის საზამთრო საძოვარია.